ფრუქტანის მიმართ არატოლერანტობა და საკვების ჩამონათვალი
პროდუქტები
What are Fructans? Intolerance, Foods & Diet (schaer.com)
ფრუქტანები საკვებში ბუნებრივად არსებული ნახშირწყლებია, რომლებიც გვხვდება ბევრ პროდუქტში, მარცვლეულიდან და პარკოსნებიდან დაწყებული გარკვეული ხილით და ბოსტნეულით დამთავრებული.
ადამიანის საჭმლის მომნელებელ ტრაქტს არ აქვს უნარი ეფექტურად მოინელოს ფრუქტანები და ზოგიერთ ადამიანს აქვს ფრუქტანის მიმართ არატოლერანტობა. გაიგეთ რა საკვები შეიცავს ფრუქტანებს და როგორ დაიწყოთ დაბალი ფრუქტანის შემცველი დიეტა.
რა არის ფრუქტანები?
ფრუქტანი არის მოლეკულა, რომელიც შედგება ფრუქტოზის მოლეკულების ჯაჭვისგან, რომლებიც გაერთიანებულია და დაბოლოებულია გლუკოზის მოლეკულით. ფრუქტანები არის შაქარი, რომლებიც შედის FODMAP ნახშირწყლების ჯგუფში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები.
ზოგიერთ შემთხვევაში ფრუქტანების შეზღუდვა შეიძლება დაეხმაროს ადამიანს. მაგალითად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (გნს), როცა მსხვილ ნაწლავში ფერმენტაციის პროცესი არის ისეთი სიმპტომების მიზეზი, როგორიცაა მუცლის შებერილობა, გაზები, მუცლის ტკივილი და გულისრევა. ასევე დიარეა, ყაბზობა ან ორივე ერთად.
გვხდება ისეთ საკვებში, როგორიცაა ხორბალი, ხახვი, ნიორი, სატაცური, ლობიო, საზამთრო და სხვა მრავალი საკვები, ფრუქტანები ძნელია მთლიანად იქნას ამოღებული. ფრუქტანები ჯანსაღი და დაბალანსებული დიეტის ნაწილია.
რა არის ფრუქტანის აუტანლობა?
ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემას არ გააჩნია უნარი სრულად დაშალოს მოლეკულები, რომლებიც ქმნიან ფრუქტანებს ფრუქტოზასა და გლუკოზის გამოსათავისუფლებლად. კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები წვრილ ნაწლავში ფრუქტანების 5%-დან 15%-მდე შთანთქავენ, დანარჩენი კი ხვდება მსხვილ და სწორ ნაწლავში. აქ მცხოვრები მიკრობები კი ფრუქტანებს აფერმენტირებენ. ამ პროცესმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დონის დისკომფორტი სხვადასხვა ადამიანში, მათ შორის მტკივნეული და უსიამოვნო სიმპტომები, როგორიცაა შებერილობა და დიარეა.
ფრუქტანის აუტანლობის მიზეზები და სიმპტომები
ფრუქტანის აუტანლობის მიზეზი ბოლომდე ცნობილი არ არის. როგორც ჩანს, ზოგს სხვებზე ნაკლები უნარი აქვს ფრუქტანების შეწოვისა და სისხლში შთანთქმისთვის, ზოგი კი განიცდის უფრო ძლიერ სიმპტომებს, ვიდრე სხვები.
თუ გაქვთ ფრუქტანის აუტანლობა, შეიძლება გაწუხებდეთ სიმპტომები, მათ შორის მეტეორიზმი, მუცლის შებერილობა, ყაბზობა ან დიარეა.
თუ ეს სიმპტომები რეგულარულად გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს. ფრუქტანის აუტანლობის დიაგნოსტირება ჯერჯერობით ბოლომდე ვერ ხდება, მაგრამ, როგორც შაქრის სხვა აუტანლობის შემთხვევაში, როგორიცაა ფრუქტოზის აუტანლობა, შესაძლოა გამოყენებულ იქნას სუნთქვის ტესტები რაც, ამონასუნთქ ჰაერში ზომავს გაზების შემცველობას. გაზები წარმოიქმნება ნაწლავში ფრუქტანების დუღილის დროს. თუმცა გაითვალისწინეთ რომ მსგავსი ტესტები და მათი შედეგები შეიძლება ბოლომდე სწორად არ სვამდეს დიაგნოზს.
ფრუქტანები და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი
ფრუქტანის აუტანლობის სიმპტომებს და მიზეზებს ბევრი მსგავსება აქვს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან (გნს). გნს არის დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს მსხვილ ნაწლავზე და შეიძლება გამოწვეული იყოს გარკვეული საკვებით, სტრესით, ჰორმონალური ცვლილებებით ან სხვა დაავადებებით, რომლებიც გავლენას ახდენენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. პაციენტებს, რომლებსაც აქვთ საკვების აუტანლობასთან დაკავშირებული გნს, შეიძლება უჭირდეთ ფრუქტანების, ისევე როგორც სხვა ფერმენტირებადი მოკლე ჯაჭვური ნახშირწყლების მონელება. გნს-ის მქონე ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ფრუქტანების შემცველი სხვადასხვა საკვების ჭამა, მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ ადამიანში ეს ორი მდგომარეობა შეიძლება ერთად არსებობდეს.
იმის დასადგენად, თუ რომელი საკვები იწვევს სიმპტომებს საეჭვო გნს-ს და ფრუქტანის აუტანლობის შემთხვევაში, ექიმმა ან დიეტოლოგმა შესაძლოა შემოგთავაზოთ ცდა FODMAP-ზე და დააკვირდეთ, რაზე აქვს თქვენს ორგანიზმს რეაქცია ამ პროდუქტების ჯერ ამოღების და შემდეგ რაციონში ჩასმის შემდეგ.
ფრუქტანები და გლუტენი
გლუტენი არის ცილა, რომელიც გვხვდება ზოგიერთ მარცვლეულში, კონკრეტულად ხორბალში, ქერსა და ჭვავში. გლუტენთან დაკავშირებული საჭმლის მომნელებელი დარღვევები მოიცავს ცელიაკიას-აუტოიმუნურ მდგომარეობას, რომელიც გამოწვეულია ნაწლავში გლუტენის მოხვედრით, მას უწოდებენ გლუტენის არაცელიაკიურ მგრძნობელობას. იმის გათვალისწინებით, რომ ხორბალი, ჭვავი, და ქერი არის მაღალი ფრუქტანის და ასევე გლუტენის შემცველი, ძნელია იმის დადგენა, რომელი მათგანითაა სიმპტომები გამოწვეული.
ცელიაკიის დიაგნოსტირება შესაძლებელია მაღალი სანდოობის ტესტებით. მაგრამ გლუტენის არაცელიაკიური მგრძნობელობის დიაგნოსტიკა ძნელია, ამიტომ ყველას, ვინც ფიქრობს, რომ აქვს გლუტენის არაცელიაკიური მგრძნობელობა, უნდა გაითვალისწინოს, რომ არ არსებობს გზა იმის დასადგენად, გლუტენის შემცველი პროდუქტების ჭამის შემდეგ გამოვლენილი სიმპტომები გამოწვეულია გლუტენით თუ სხვა კომპონენტით, როგორიცაა ფრუქტანები.
ფრუქტანებით მდიდარი საკვების ჩამონათვალი
თუ თქვენ ან თქვენი ექიმი ფიქრობთ, რომ შესაძლოა გქონდეთ ფრუქტანის აუტანლობა, დაგჭირდებათ ფრუქტანების საკვების სია, რათა მიჰყვეთ და აარჩიოთ საკვები შესაბამისად, შეადგინოთ დაბალი ფრუქტანის შემცველი დიეტა და დაადგინოთ რა იწვევს თქვენს სიმპტომებს. მაღალი ფრუქტანის შემცველი საკვები მოიცავს:
მარცვლეული:
ხორბალი, სპელტი, ჭვავი და ქერი
ხილი:
საზამთრო, ვაშლ-ატამა, გრეიფრუტი, ხურმა, ბროწეული, ქლიავი, მწიფე ბანანი, ფინიკი, ქლიავი და ქიშმიში
ბოსტნეული:
ხახვი, შალოტი, ნიორი, პრასი, არტიშოკი, სატაცური, ჭარხალი, ბრიუსელის კომბოსტო, სავოის კომბოსტო, კამა და ბარდა თავისივე პარკში
პარკოსნები:
წითელი ლობიო, შავი ლობიო, მუნგი, თეთრი ლობიო, ლიმას ლობიო და გაყოფილი გაყოფილი ბარდა
თხილეული:
ქეშიუ და ფსტა
სხვა:
ვარდკაჭაჭას ფესვი და ზოგიერთი სოიოს პროდუქტი
დაბალი ფრუქტანის შემცველი დიეტა
როგორ მოვერიდოთ ფრუქტანებს? მიუხედავად იმისა, რომ ფრუქტანის მაღალი შემცველობის ზოგიერთი საკვები ძალიან გავრცელებულია, არსებობს მათი ჩანაცვლების გზები ან შესაძლებელია უფრო დაბალი ფრუქტანის ალტერნატივების მოძიება. მაგალითად, მარცვლეული, რომელიც შეიცავს ფრუქტანებს, შეიძლება შეიცვალოს უგლუტენო მარცვლეულით, როგორიცაა წიწიბურა, შვრია, ქინოა, ტაპიოკა და ყავისფერი ბრინჯი. ხახვი და მისი ყველაზე აშკარა ალტერნატივები ყველა შეიცავს ფრუქტანებს, მაგრამ ესპანური ხახვი დანარჩენზე დაბალი ფრუქტანის შემცველია.
რჩევები ფრუქტანის აუტანლობის მართვისას
თუ ეჭვი გაქვთ ფრუქტანის აუტანლობაზე, უნდა გაიაროთ კონსულტაცია გასტროენტეროლოგთან და/ან დიეტოლოგთან. სამედიცინო პროფესიონალმა შეიძლება შეიმუშაოს გამომრიცხავი დიეტა, რომლითაც შეძლებთ ფრუქტანების შემცველი საკვების შეზღუდვას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რათა გაარკვიოთ სიმპტომები ფრუქტანებითაა გამოწვეული თუ არა.
ფრუქტანების პირველადი ამოღების შემდეგ, თანდათანობით უნდა დაამატოთ ფრუქტანის შემცველი საკვები თქვენს დიეტაში, რათა დადგინდეს თქვენი ინდივიდუალური მგრძნობელობის დონე. საჭიროა აწარმოოთ დიეტისა და სიმპტომების დღიური, რათა გაანალიზოთ სხვადასხვა საკვების მიღებით მიღებული შედეგები. მელბურნის მონაშის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული დაბალი FODMAP დიეტის მიდგომა ანალოგიურად მუშაობს. ამ დიეტების მიზანი არ არის FODMAP-ის რაციონიდან სამუდამოდ ამოღება, არამედ თითოეული მათგანის გავლენის დადგენა და მოხმარების კომფორტული ზღვრის პოვნა.
დიეტაში მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებამდე მნიშვნელოვანია ექიმისგან და/ან დიეტოლოგისგან რჩევის მიღება, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენ ყოველთვის იცავთ დიეტას, რომელიც შეესაბამება თქვენს საჭიროებებს.
